Slideshow Image 1 Slideshow Image 2 Slideshow Image 3 Slideshow Image 4 Slideshow Image 4

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

"ისტორიული რეპრეზენტაცია: თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები"

16-17 ნოემბერი, 2012, თბილისი

  Geo Eng
ორგანიზატორი მონაწილეები თეზისები პროგრამა ღონისძიებათა კალენდარი სიახლე სასარგებლო ბმულები ფოტოგალერეა კონტაქტი  
 
    ისტორიული რეპრეზენტაციის საგანი, ისევე, როგორც კვლევის მეთოდები და სტილი, ისტორიოგრაფიული  ნარატივების შინაარსი და სტრუქტურა, სოციალური ფუნქცია იცვლება ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით. აღნიშნული ფაქტი სათანადოდ გაცნობიერებულ იქნა მხოლოდ გასულ საუკუნეში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ისტორიის პროფესიონალიზაციის პროცესი. ამ დროიდან ისტორიკოსებს აინტერესებთ არა მარტო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა წარსულში, არამედ პასუხიც კითხვებზე, რომლებიც უკავშირდება თავად ისტორიული რეპრეზენტაციის ბუნებას. როგორ აღიწერებოდა წარსული, როგორ აღიწერება ის ახლა, როგორ უნდა აღიწეროს მომავალში?

       კონფერენციის მიზანს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა წარმოადგენს.

    კონფერენციის ორგანიზატორებს შესაძლებლად ესახებათ აღნიშნული მიზნის მიღწევა, თუკი გადაიჭრება შემდეგი ამოცანები:

   ა) უნდა შევადაროთ ერთმანეთს სხვადასხვა კონკრეტულ მონაცემზე დაფუძნებული კვლევა; ბ) დამუშავდეს ისტორიული გამოკვლევის ზოგადი პრობლემატიკა.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხსენება შეიძლება ეძღვნებოდეს: 1) კონკრეტულ ისტორიულ კვლევას- გარკვეულად განმაზოგადებელი, ისტორიოგრაფიული რეფლექციის შემცველი დასკვნით;  2) ისტორიული რეპრეზენტაციის თეორიულ პრობლემატიკას და თანამედროვე ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციების ანალიზს.

    კონფერენციის მოსალოდნელი შედეგებია:
    ა) ისტორიული დისციპლინის თეორიული განვითარებისთვის ხელშეწყობა და კონკრეტულ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების ფართო ისტორიულ კონტექსტში ჩართვა და გააზრება;     ბ) ქართული ისტორიოგრაფიის მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ისტორიკოსთა საერთაშორისო თანამეგობრობაში და ქართველ და უცხოელ კოლეგათა შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაღრმავება;    გ) ისტორიის დარგში ერთობლივი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და მომზადება; დ) ერთობლივი ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო-გაცვლითი პროგრამების მომზადება.

    საერთაშორისო კონფერენცია სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი დაწესებულების მეცნიერთა მონაწილეობით შექმნის იდეების გაცვლისა და თანამშრომლობისათვის სათანადო ატმოსფეროს. აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დიდი ღვაწლი ისტორიოგრაფიაში ხელს შეუწყობს ფართო სამეცნიერო წრეების დაინტერესებას კონფერენციით და ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების გადაწყვეტას.

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე არის ქართულ და ევროპულ ენებზე შესრულებული ორ ასეულამდე სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, პოპულარული, პუბლიკაციის (მონორაფია, საჟურნალო და საგაზეთი სტატიები, ეროვნული და საერთაშორისო პრეზენტაციები, წყაროთა თარგმანები), სახელმძღვანელოს ავტორი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფიის დარგში, არაერთი სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი.

   მ.ლორთქიფანიძეს მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, აკად. ივანე ჯავახიშვილის პრემიის, აკად. ნ.ბერძენიშვილის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, დაჯილდოებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა გიორგის  ოქროს ორდენით.  არის თბილისის საპატიო მოქალაქე,

   ერის წინაშე მარიამ ლორთქიფანიძის ღვაწლის საუკეთესო გამომხატველია ის შეფასება, რომელიც მას მისცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა - ილია მეორემ; უწმინდესმა ნაამაგარ მეცნიერს „საქართველოს დედა“ უწოდა.

   მ.ლორთქიფანიძის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი წერილები გამოქვეყნებულია არაერთ საერთაშორისო  ბიოგრაფიულ გამოცემაში: ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მიერ იგი აღიარებულია 1997 წლის გამოჩენილ ადამიანად და დაჯილდოებულია შესაბამისი მედლით; შეყვანილია კემბრიჯის გამოჩენილ ადამიანთა ლექსიკონში; დასახელებულია XX საუკუნის გამოჩენილ ადამიანად,  2001 წლის გამოჩენილ ქალად და აღიარებულია  2008 წლის განათლების დარგის ქალბატონად.